„არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა: სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან მე არასდროს თქვენთვის არ მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც აკეთებთ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ“, – აცხადებს კალაძე.
მისივე თქმით, მზად არის, ნეიტრალურ ტელევიზიაში დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს ედებატოს. კახა კალაძემ ასეთად საზოგადოებრივი მაუწყებელი დაასახელა.
თბილისის მერობის სამ კანდიდატს – კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას – დებატებში მონაწილეობა ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“, „პირველმა“ და „კავკასიამ“ შესთავაზეს. კანდიდატების თანხმობის შემთხვევაში დებატები 28 სექტემბერს, 22:00 საათზე გაიმართება და ის ოთხივე ტელეარხის ეთერში გადაიცემა. როგორც „ფორმულაში“ აცხადებენ, კალაძე, მელია და გახარია, ბოლო კვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ და მათი დებატებში მიწვევის მიზეზიც ეს არის.
თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.